გია ცაგარეიშვილი - დუმბაძის „წამოცდენა“ წარმოაჩენს ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობას, დღის წესრიგი აწყობილი აქვთ კონკრეტულ რიცხვებზე, ეშინიათ სტატუსის, რადგან თავიანთ თავს ახალ რეალობაში ვეღარ ხედავენ
დუმბაძის წამოცდენა კარგად წარმოაჩენს ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობას, კონკრეტულ რიცხვებზე აქვთ აწყობილი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენატარით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის „ფეისბუქპოსტს“, სადაც მან აღნიშნა: „არ გვეკუთვნის, თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია, რაც იქნება კატასტროფა“.
გია ცაგარეიშვილის თქმით, ამგვარი განცხადებები ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები სრულ სასოწარკვეთილებას არიან მიცემული.
„ეშინიათ სტატუსის, რადგან თავიანთ თავს უკვე ვეღარც ხედავენ ახალ რეალობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დადგება საქართველოში. ადამიანები ელოდებიან კონკრეტულ რიცხვს და ამ რიცხვთან მისადაგებული ფიქრობენ გარკვეული სახის აქტივობებს, სამოქალაქო დაპირისპირებას. დუმბაძის ეს „წამოცდენა“ – წამოცდენა ბრჭყალებში, რადგან კარგად ჩამოყალიბებული მოსაზრებაა – კარგად წარმოაჩენს ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობას. კონკრეტულ რიცხვებზე აქვთ აწყობილი დღის წესრიგი. ნამდვილად არ ექნება მომავალი ასეთ ოპოზიციას, რომელიც დესტრუქციაზეა ორიენტირებული, რომელიც ფიქრობს, ხელზე დაიხვიოს კონკრეტული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში და შემდეგ ამ თარიღს მიუსადაგოს თავისი ქმედებები. ეს აზარალებს ოპოზიციას და, ზოგადად, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ხელს არ უწყობს პოლარიზაციის დაძლევას. ესაა კლასიკური პოლარიზაცია, ასეთი წამოძახილები, „წამოცდენები“ კარგად წარმოაჩენს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი დანაწევრებული, ერთმანეთს წაკიდებული და ხელისუფლებას გადაკიდებული ე.წ. დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.