გია ცაგარეიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესის შემოტრიალება უკვე მეორედ ხდება, პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს
გია ცაგარეიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესის შემოტრიალება უკვე მეორედ ხდება, პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრის არჩევის პროცესის შემოტრიალება უკვე მეორედ ხდება და პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ნაბიჯი შეგნებულად მიმართულია იმისკენ, რომ განხილვა ჩავარდეს.

„ეს არის ისევ ჩასაგდებად განწირული პროცესი. ამ პროცესის შემოტრიალება უკვე მეორედ ხდება და პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. თუ იცის და ამას შეგნებულად აკეთებს, მით უარესი. კანდიდატების ოქმებს გადავხედე და გეტყვით, რომ ვინც უმაღლესი შეფასება მიიღო, წარმოდგენილი არ იყო, ვინც უმდაბლესი შეფასება მიიღო, ის წარმოადგინეს, რაც პროცესის შეურაცხყოფაა. კომისია ხომ პრეზიდენტმა შექმნა და იმ ადამიანებს რას ეუბნება? პრეზიდენტმა კომისიის უარყოფითი განცხადებები პარლამენტში გადმოაგზავნა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის შეგნებულად მიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ განხილვა ჩავარდეს და კიდევ ერთხელ არ ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.