გია ცაგარეიშვილი - ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, პარტიას არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება
გია ცაგარეიშვილი - ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, პარტიას არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება

ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტზე, სადაც ის ამბობს: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქმე ეხება არაორდინალურ შემთხვევას.

„არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას, ეტყობა, არ ემეტება. რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.