გია ბარამიძე - თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის ციხეში ზის, მიშა, ჩემო ძმაო, ჩვენო ლიდერო, ძალიან გვიყვარხარ
მიშა, ჩემო ძმაო, მიშა, ჩვენო ლიდერო, მიშა, ჩვენო პრეზიდენტო, ქართველი ერი, ყველა პატრიოტი არის შენს გვერდით. ნუ ფიქრობს ივანიშვილი, რომ ამ რაოდენობის ხალხით შემოიფარგლებიან მიშას მხარდამჭერები და საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ვართ უმეტესობა. ძალიან ბევრი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა, ქართველები ასეთები არიან, ისეთები არიან, იყიდებიან. არ არის ხალხო ასე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
როგორც რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ბარამიძემ განაცხადა, დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის, რაც დიდი ტკივილია.
„ქართველები ვართ ჩვენ ყველანი ერთად, მრავალეროვანი საქართველო. აქ ვდგავართ ყველანი, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, აფხაზი, ოსი, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის პატრიოტია, ვინც ამ ქვეყნის შვილია. აქ ვდგავართ ყველანი, ვინც იცის იმ სახელმწიფოს ფასი, რასაც აშენებდა მიხეილ სააკაშვილი, რასაც აშენებდა თავის დროზე დავით აღმაშენებელი. დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის, ეს არის ჩვენი დიდი ტკივილი, დიდი სირცხვილი, რომ საქართველოს ჰყავს ეს მოღალატეთა რეჟიმი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს, რადგან ეს არის ყველა ჩვენი ტრადიციის საწინააღმდეგო. მიუხედავად 200-წლიანი ბატონობისა, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში ტვინის რეცხვის 70-წლიანი პერიოდისა, მიუხედავად საქართველოში ჩაბუდებული რუსული აგენტურისა, რომელიც არის ყველგან, ხელისუფლებაში, პარტიებში, ერსა თუ ბერში, ყველგან, რომლებიც ებრძვიან ჩვენ ქვეყანას და შიგნიდან ხრავენ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა თავდადების მაგალითი.
„ქართველმა ხალხმა ახლაც აჩვენა, რომ ვერ დაამონეს, ვერ დაჩაგრეს, ვერ გაყიდეს. აჩვენა ქართველმა ხალხმა იმ პირობებშიც კი, როდესაც წინასწარ ვიცოდით, რომ გააყალბებდნენ. როდესაც წინასწარ ვიცოდით, რომ დააშინებდნენი. მაინც გავიმარჯვეთ, მაინც ვაჩვენეთ ქართველ ხალხს და მთელს მსოფლიოს, რომ უკეთესი ქართველები ვართ მეტნი. საქართველოს მტრები და მოღალატეები არიან ნაკლები. ჩემო მიშა, ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ შენი გუნდი, ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელიც ერთგულად უდგას საქართველოს ინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს მოღალატური პუტინისტური რეჟიმი საქართველოს ჰყოფს და ანაწევრებს. ჩვენ კიდევ, შენი გუნდი, მიშა. ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, ჩვენ გავაერთიანებთ ყველა მოქალაქეს, გავაერთიანებთ ყველა პარტიას, გავაერთიანებთ აქ მცხოვრებს და ემიგრანტს, გავაერთიანებთ მემარცხენეს, მემარჯვენეს და ცენტრისტს, ყველას, ვინც საქართველოს პატრიოტია“, – განაცხადა ბარამიძემ.
გია ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს.
„გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. ამ ბრძოლაში შენ ჩვენი გამხნევება არ გჭირდება, შენ იქით გვამხნევებ, შენ იქით გვაჩვენებ ვაჟკაცობის მაგალითს. შენ იქით აჩვენებ ძალიან ბევრ სკეპტიკოსს, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსობა ნიშნავს მარტო ლაყბობას, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსის სიტყვა არაფრად არ ღირს, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსს მარტო თავისი ცხოვრების აწყობა უნდა და მეტი არაფერი, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსობა ნიშნავს მარტო ქვეშეძვრომობას, მლიქვნელობას და ათასი ტყავის გამოცვლას, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსი მარტო საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობს, შენ შენი ვაჟკაცობით, შენი სიტყვის შესრულებით ქართველი ხალხის სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით აჩვენე, რა არის ნამდვილი პოლიტიკოსი კი არა, რა არის ნამდვილი ქართველი. ნამდვილი ვაჟკაცი,ნამდვილი ლიდერი, ნამდვილი პრეზიდენტი. ადამიანი,რომელმაც მიუხედავად ათასგვარი წინაღობისა,ჩამოვიდა თავის ქვეყანაში, შეასრულა ის პირობა, რომელიც დადო თავისი ხალხის წინაშე იმ ვითარებაში, როდესაც ამდენი ქილიკობდა, მატრაბაზობდა და მასხრად იგდებდა შენს სახელს. შენ ჩამოხვედი და აჩვენე როგორ უნდა სიტყვის კაცობა, როგორ უნდა ვაჟკაცობა, თავდადება, რადგან არანაირი გარანტია არ გქონდა, რომ ეს მამაძაღლები ტყვიას არ გესროდნენ. გაგიმარჯოს მიშა შენ. გაუმარჯოს შენს კაცობას, შენს ადამიანობას, შენს პატრიოტიზმს, მართლა მაგრა გვიყვარხარ“, – განაცხადა ბარამიძემ.