გია ბარამიძე - პრობლემურია, რომ პროცესში არ აღმოჩნდეს უცხო ხალხი, უცხო ხალხს ვეძახით „ქოცებს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც ბუნებრივია, ამ პროცესში არაფერი ესაქმებათ
პრობლემურია, რომ პროცესში არ აღმოჩნდეს უცხო ხალხი, უცხო ხალხს ვეძახით „ქოცებს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც ბუნებრივია, ამ პროცესში არაფერი ესაქმებათ, უნდა შეიქმნას ის ფილტრი, რომელიც არ მისცემს ასეთ ადამიანებს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გახსნილ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
როგორც ბარამიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მსჯელობა მიმდინარეობს, როგორ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები. მისი თქმით, პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიები.
„ჩვენ დღეს წინ წავიწიეთ, რომ მივაღწიოთ მთავარს, შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ასარჩევად, რომელიც დააკმაყოფილებს ორ ძირითად კრიტერიუმს – მაქსიმალური გახსნილობა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც არის ჩვენ მხარდამჭერი, ჰქონდეთ საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ამავდროულად, არსებობს მეორე კრიტერიუმი, რაც არის პრობლემური, რომ ამ ადამიანებში არ აღმოჩნდეს უცხო ხალხი, უცხო ხალხს ვეძახით „ქოცებს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც ბუნებრივია, ამ პროცესში არაფერი ესაქმებათ. როდესაც პუტინისტური რეჟიმი ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა, მის წიაღში არსებული ნებისმიერი პროცესი გამოიყენოს სათავისოდ, აურიოს, დაურიოს, საბოლოო ჯამში მიაღწიოს იმას, რასაც აქამდეც ვერ მიაღწია და ვერც მომავალში მიაღწევს, მათი ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, დანაწევრება. მტერი არ უნდა გავახაროთ და არც მათ ტროლებს, ბოტებს, დაგეშილ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ ამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ამიტომ, უნდა შეიქმნას ის ფილტრი, რომელიც არ მისცემს ასეთ ადამიანებს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გახსნილ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ამ კუთხით წავიწიეთ წინ და გაგრძელდება მუშაობა ამაზე. სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიები იქნება ამ პროცესში ჩართული, ეს არის ელექტრონული არჩევნები, იქნება სხვადასხვა აპლიკაციები, იქნება გამოყენებული „ფეისბუქიც“ გარკვეული ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომ ვიღაც არაკეთილმოსურნე არ შემოგვეპაროს პროცესში“, – განაცხადა ბარამიძემ.