გია ბარამიძე - ნიკა მელიას მოვუწოდებ, თუ გული აღარ შესტკივა, პარტიიდან წავიდეს
ნიკა მელიას მოვუწოდებ, პარტიიდან წავიდეს, თუ გული აღარ შესტკივა, თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ნიკა მელია ყოფილ გუნდს არ უნდა ლანძღავდეს.
„ოჯახში როდესაც ძმები არიან, რაღაცაზე წაკინკლავდებიან და დედ-მამა, ამ შემთხვევაში, ჩვენი ამომრჩეველი, ერთ ძმას დაავალებს რაღაც საქმეს და მეორე ძმისთვის ის მიუღებელია, ძმაო, ოჯახს კი ნუ დაანგრევ და კი ნუ დალეწავ იქაურობას, რომ აქ თუ არ ვიქენი, წყალსაც წაუღია, გადადი სხვა მიწაზე. მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმით, რომ უკეთესი იყოს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვიდრე 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი, მაშინ რატომ არ თქვა ამის თაობაზე, თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო? რატომ ჩაიგუბა პირში წყალი? მაშინ მე ეს არ ვიცოდი, ახლა გავიგე. რატომ არ იცოდა საზოგადოებამ, რატომ ლაპარაკობს ახლა? გასაგებია, შეიძლება, გეწყინოს ადამიანს, რომ წააგე. სულ პატივისცემით და რევერანსებით მოვიხსენიებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მართლა სირცხვილია.
ნიკა მელიამ დაიდოს გულზე ხელი და თქვას, დღეს მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული შესტკივა? ახლა მაინც მოიქცეს პატიოსნად. მე ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან ნიკას მე გვერდში ვედექი. 2021 წელს სამეგრელოს რეგიონში რაღაც რომ ხდებოდა, დღეს გაიგო? პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო და მერე პარტიის თავმჯდომარე. თუ სიმართლის მოყვარულია, თუ ხმალი მისი სიმართლე არის და გულწრფელობა, უკაცრავად, მაგრამ მაშინ სად იყო? როგორც ჩანს, მაშინ გაიგო, თუ ჭურში იჯდა, თავმჯდომარე როცა იყო? რატომ არ ამოიღო ხმა? მე არანაირი შეხება არ მქონია რეგიონებში უშუალოდ საარჩევნო კონფიგურაციასთან, ვინ სად დადგებოდა და არ დადგებოდა, ვიყავი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პარტიის მდივანი. მაშინ დათო კეზერაშვილი ცუდი იყო, როცა პარტიას ეხმარებოდა? მაშინ, როცა ნიკა აირჩა პარტიის თავმჯდომარედ, მთელი კონფიგურაცია შეიცვალა. მაშინ არავის დავუჭირე მხარი. როდესაც კეზერაშვილმა დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და დახმარება, სამდივნოს კონფიგურაცია შეიცვალა, ვიყავი მდივანი თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. მე მდივნობიდან გამაგდო ნიკა მელიამ. ვინმეს ეს გაგიგიათ? ეს თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. ახლა ისევ გვაქვს.
ახლა რომ ლაპარაკობ, კეზერაშვილი მიუღებელიაო, ახლა გახდა მიუღებელი? გია ბარამიძის გაგდებაზე ყაბულს იყავი, ანუ ეს წითელი ხაზი არ იყო, ანუ შენ დააწესე ეს წითელი ხაზი, როდის არის კეზერაშვილი მისაღები და როდის არა?“ – აღნიშნა ბარამიძემ.