გია ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილი აქეთ გვამხნევებდა და გვაძლევდა სტიმულს თავისი სიტყვით, რომელიც მართლაც ისტორიული იყო
მიშა ყველასთვის გასაკვირად ძალიან მაგარ ინტელექტუალურ და ფიზიკურ ფორმაშია, კარგად გამოიყურება, ეტყობოდა, რომ იყო ბოლომდე მობილიზებული და ძალიან მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული სათქმელი ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი პროცესზე იყო ქართველი ხალხისთვის მიმართვის გასაკეთებლად.
„სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს სასამართლოში რაიმე სამართლის მიღწევის. მან ასევე მწუხარებით აღნიშნა და ბოდიში მოიხადა, რომ ვერ მოასწრო სახელმწიფოს მშენებლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის-სასამართლოს ისე ჩამოყალიბება, რომ ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო მისი გადაწყვეტილებები, უსამართლობის განცდა არ დაეტოვებინა თავის დროზე და ახლაც, თვითონ არ ყოფილიყო ამ უსამართლო სასამართლოს ხელში, მის წინაშე სრულიად სამართლებრივი თვალსაზრისით უმწეოდ, მაგრამ ძალიან ძლიერად და მძლავრად, ისე, რომ აქეთ გვამხნევებდა და გვაძლევდა სტიმულს მისი სიტყვით, რომელიც მართლაც ისტორიული იყო. მე და ალბათ ყველას, ვინ მის გვერდით ყოფილა. ჩემთვის საამაყო წლებში, საქართველოს მოღალატეებისთვის სისხლიან ცხრა წელში, განსაკუთრებით საამაყო იყო იმის გახსენება პრეზიდენტ სააკაშვილისგან, თუნდაც ამ სტატუსით, ამ გადმოსახედიდან, იმ ყველაფრის, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი აკეთებდა მაშინ ქართული სახელმწიფო ჩამოსაყალიბებლად. აბსოლუტურად გლუვტვინიანი, უნამოსო და ბრმა უნდა იყო ადამიანი, შეიძლება გქონდეს პრეტენზიები სააკაშვილისადმი და მაშინდელი თანამდებობისადმი, მაგრამ არ აღიარო, რომ მაშინ მართლაც ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ბარამიძემ.