გია ბარამიძე - გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება მეც გავაპროტესტე, მაგრამ სააკაშვილს ჰქონდა ამის უფლება და ამისთვის ციხეში ვერავინ ჩასვამს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება, თავის დროზე, როცა ვიცე-პრემიერი იყო თავადაც გააპროტესტა.
როგორც გია ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ჰქონდა თვისი საფუძველი, მან 400 სამხედრო მოსამსახურე შეიწყალა და მათ შორის მოხვდნენ ეს ადამიანები.
„მე პირადად მათი გათავისუფლება გავაკრიტიკე ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლების დროს, ვიცე-პრემიერი ვიყავი და ვთქვი, რომ ეს არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი. მერე რა? ამას ჰქონდა თავისი საფუძველი, როდესაც 400 სამხედრო მოსამსახურე შეიწყალა, გაუნახევრა ვადები პრეზიდენტმა და მათ შორის მოხვდნენ ეს ადამიანები. პოლიტიკურად ეს ჩვენთვის წამგებიანი იყო. ვიცე-პრემიერი ვიყავი და ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი და მომგებიანი, ახლა დღეს ამას უტრიალებენ ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტს ამის უფლება ჰქონდა. პრეზიდენტს ამის გულისთვის ვერავინ ვერ დაიჭერს ვერც ერთ ქვეყანაში, გარდა ამ პაპუასური პირობებისა“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების უფლება და ამის გამო ვერავინ ვერ ჩასვამს ციხეში.
„შეიძლება, გავაკრიტიკოთ მისი ლმობიერება, მაგრამ პრეზიდენტს ჰქონდა ამის უფლება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება შეწყალებისა, ვერავინ ჩასვამს პრეზიდენტს. აგერ სალომე ზურაბიშვილმა, ამ რეჟიმის მეირ დასმულა პრეზიდენტმა, პოლიციელის მკვლელი გამოუშვა რამდენიმე დღეში. სწორი გააკეთა? არ გააკეთა. ბევრმა ამ რეჟიმის წარმომადგენელმა, როგორც მე მაშინ, გააკრიტიკეს, მაგრამ ამის გამო ვინმემ უნდა დაიჭიროს? არა, ეს მისი დისკრეციაა და ამისთვის ადამიანს ციხეში არ იჭერენ. შეგიძლია, გააკრიტიკო, მაგრამ ამისთვის ის ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არის განსხვავება და ეს უნდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მოტყუებულები არიან და გონიათ, რომ რაღაც სამართლიანობას იცავენ. თქვენ იცავთ მკვლელების რეჟიმს, რომელიც მოვიდა ცხრა თვის ბავშვის მკვლელობის სპეკულირებით, მოვიდა იმ ცოცხების დადგმული სცენით, ტყუილებით და დღემდე ტყუილებით მართავს, რომელმაც უამრავი ადამიანი ციხეში მოკლა მისი ციხის მაყურებლების მეშვეობით უკვე, რომელბმაც სიცოცხლეს გამოასალმეს გოგი თათუხაშვილის შვილი, გამოასალმეს სიცოცხლეს კოდორის ხეობის გმირები, გამოასალმეს სიცოცხლეს მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი. ვინმე დაისაჯა? უამრავი ის ადამიანი, რომელიც მას არ აწყობდა, ეროსი კიწმარიშვილი და სხვები, რომლებმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს ოკუპაციის გაპროტესტებისთვის. ვისზე რას ლაპარაკობენ ეს ქოცები, ეს ცოცხიანები და ყავრჯნიანები, ეგენი მაგ ცოცხებით გაიხვეტებიან აუცილებლად მშვიდობიანად, ქართველი ხალხის ნებით, არჩევნების დროს“, – განაცხადა ბარამიძემ.