გია ბარამიძე - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, ამისთვის იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა
გარეჯი საქართველოა მთლიანად, იმის მიუხედავად, რაღაც რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება, თუ აქეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ისე უნდა ააწყოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი.
„ივერი მელაშვილის ცალკეული განცხადება კი არ უნდა ამოგლიჯონ „ქოცებმა“ და ატრიალონ ტელევიზიებით, არამედ ის, რას აკეთებდა ამ წლების განმავლობაში ეს კაცი და რისთვის იბრძვის. გარეჯი საქართველოა მთლიანად, მიუხედავად იმისა, რაღაცა რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება თუ აქეთ. რუკები ერთი ამბავია და ჩვენ რისთვის ვიბრძვით – მეორე. გარეჯი არის საქართველოსი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, რომ თუნდაც რაღაც რუკაზე ეს სხვანაირად იყოს დატანილი, თუნდაც იმაზე, რაზეც ურთიერთშეთანხმება ადრეც მოხდა, საბჭოთა კავშირის თუ შევარდნაძის დროს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანი რაღაცა რუკებით ხელმძღვანელობს, რომლითაც ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზეა. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ისე უნდა ავაწყოთ ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი. გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და თუ ამგვარი პროცესებით ზიანს არ მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მზად არის საქართველოს პოზიციები შეასუსტოს ნებისმიერ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხში, ოღონდ „მიხეილ სააკაშვილს რამე დააბრალონ“.
„კი, მეგობარი სახელმწიფოა აზერბაიჯანი, მაგრამ მოვა და გეტყვის, რომ შენ მოგიცია ჩემთვის რაღაც ტერიტორია. საქართველოს მოლაპარაკებების პოზიციებს ასუსტებს ეს ხელისუფლება, ოღონდ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც დააბრალონ. ოღონდ ეს გააკეთონ და მზად არიან, საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და ომის დაწყებაში საქართველო იყოს დამნაშავე. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და კი ბატონო, ჯანდაბას, გარეჯზე თუ საზღვრის სხვა მონაკვეთებთან დაკავშირებით გვქონდეს სუსტი პოზიციები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. არ აინტერესებთ, ესენი არიან პუტინის გეგმის შემსრულებელი ხალხი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
ბარამიძემ კომენტარი გააკეთა ასევე ივერი მელაშვილის განცხადებაზე, რომელიც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიას შეეხებოდა.
„გარეჯი იყო, არის და უნდა იყოს საქართველო, ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ეს არის ფაქტი და ეს ჩვენ ვიცით. ადამიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი სხვა კუთხით უყურებს, სხვანაირად უყურებს ამა თუ იმ რუკის მიხედვით და შეიძლება მათთვის უფრო მომგებიანი სიტუაცია შეიქმნეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და აზერბაიჯანს მოვეპყრათ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც უნდა შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა, მიუხედავად რუკებისა. ის კი არ უნდა უთხრა, არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ და არ მაინტერესებს ამა თუ იმ რუკაზე როგორ არის, არამედ უნდა გქონდეს მოლაპარაკების საშუალება და ძლიერი პოზიციები, მორალურიც და იურიდიულიც“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.
„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.