გია ბარამიძე - ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებაში არ არის ჩართული
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძის განცხადებით, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებაში არ არის ჩართული.
მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებითა და მედიაციით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„გვაქვს იმედი, რომ დაისმევა ისეთი საკითხები, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს. ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებაში არ არის ჩართული – არც ცალკე ევროკავშირისა თუ აშშ-ის საელჩოსთან, არც მით უმეტეს „ქართულ ოცნებასთან“.
ჩვენ არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჩართულია ინდივიდუალურ დიალოგში. ყველას აქვს უფლება, შეეცადოს, თავისი გზით იაროს, მაგრამ იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ყველას აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგელობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ყველა იქნება ერთგული იმ სიტყვისა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
გვინდა, ყველას ვუსურვოთ წარმატება საერთო ძალისხმევაში, რომელიც მიმართული იქნება ვადამდელი არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისკენ. ამის აუცილებელი პირობა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. თუკი სამართლიან არჩევნებზე და სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნაზეა საუბარი, ეს უნდა გულისხმობდეს მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა პოლიტდევნილებისთვის უფლების, საშუალების მიცემას, რომ მან თავის პარტიასთან ერთად, საქართველოში შეძლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ერთობლივი მოქმედებები თავის პარტიასთან, თავის გუნდთან ერთად. ასევე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა სხვა პოლიტიკური ლიდერებისა, მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არჩევნებისთვის ნორმალური პირობები შეიქმნას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.