გია ბარამიძე - 7 აგვისტოს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა
გია ბარამიძე - 7 აგვისტოს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა

დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსთვის, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძე განაცხადა.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და სწორედ 7 აგვისტოს ხაზგასმით მემორიალზე მისვლა არის აუცილებელი.

„ჩვენ ტრადიციულად მოვედით გმირთა მემორიალზე იმ ადამიანებისთვის, იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, ვინც თავი დადო ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ტრადიცია, მათი ხსოვნა და დიდება სამარადჟამოდ უნდა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა. დღეს მათი თანამებრძოლები, ვინც იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ბევრი მათგანი იბრძვის უკრაინაში. სამწუხაროდ, აგრესია, რომელიც დაიწყო წინა საუკუნის 90-იან წლებში, გრძელდება როგორც საქართველოს წინააღმდეგ, ისე უკრაინის და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების წინაშე და ეს ომი ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისთვის სამწუხაროდ არ დასრულებულა.

დღეს საქართველოს ყავს ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ადანაშაულებს ომის დაწყებაში და სწორედ 7 აგვისტოს ხაზგასმით, მემორიალზე მისვლა არის აუცილებელი, რომ ხაზი გავუსვათ იმ კონკრეტულ გარემოებას, როდის გადმოკვეთა რუსული აგრესიული თავდასხმის კონტიგენტის ძირითადმა ნაწილმა საზღვარი, რათა გამიზნულად, საქართველოს დასაპყრობად დაეწყო ომის ფართომასშტაბიანი ფაზა. ეს დაფიქსირებულია ყველა დოკუმენტში, მათ შორის ტალიავინის მოხსენებაში. სწორედ 7 აგვისტო არის რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ფაზის დაწყების თარიღი და არა 8 აგვისტო“, – განაცხადა გია ბარამიძემ.