გია აბაშიძე - პარლამენტზე იყო იერიში და ამას სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს
როდესაც მიმდინარეობს შტურმი, პროტოკოლით და შინაგანაწესით პოლიციელთა ქმედება სხვაგვარია, მათ შორის გულისხმობს ლეტალური იარაღის გამოყენებასაც,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 20-21 ივნისს მიმდინარეობდა ორგანიზებულად წაქეზება და მრავალსაათიანი შტურმი პარლამენტზე და საზოგადოება თანხმდება.
„ჩანს, რომ პარლამენტზე იყო იერიში და სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი, რადგან, როდესაც მიმდინარეობს შტურმი პარლამენტზე, პროტოკოლით და შინაგანაწესით პოლიციელთა ქმედება სხვაგვარია, მათ შორის გულისხმობს ცეცხლსასროლი, ლეტალური იარაღის გამოყენებასაც. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობდა ორგანიზებულად წაქეზება და მრავალსაათიანი შტურმი პარლამენტზე. ხაზგასმით ყველანი ვთანხმდებით, რომ შიგნითაც და გარეთაც გამოძიება უნდა იყოს დაბალანსებული, მართლზომიერი, მათ შორის იმ ძალის გადამეტებაზე, რომელიც მოხდა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ექსპერტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მშვიდობიანი აქციების დარბევის ფაქტებს და ამ დარბევის დროს დაზარალებულ ოპოზიციის ლიდერებს იხსენებს.
„როდესაც მე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში მახსენდება მშვიდობიანი აქციის დარბევა-დაშლები, მახსენდება მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, როდესაც ისინი მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს დაზარალდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის ახლანდელ ლიდერებზე. გვახსოვს კობა დავითაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ზურა აბაშიძე, ჩვენ გვახსოვს გია მაისაშვილი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა და არის დიდი ეჭვები, რომ შეიძლება სიმსივნე განუვითარდა”, – ამბობს გია აბაშიძე.