გია აბაშიძე - დავინახავთ, როგორ გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც ქვეყნის მთავარი დესტრუქციული ძალა
რიგგარეშე შუალედური არჩევნების შედეგებმა, რაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს, აჩვენა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია – მიუხედავად ხარვეზებისა და ნაკლოვანებებისა, ხალხი მხარს უჭერს სტაბილურობას, სიმშვიდესა და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
როგორც გია აბაშიძე აცხადებს, დესტრუქცია და დაძაბულობა საზოგადოების ინტერესებში არ შედის.
ანალიტიკოსის განცხადებით, არჩევნებზე იყო გარკვეული ხარვეზები, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მეორე ტურს, გია აბაშიძის განმარტებით, ეს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ჩვენი საზოგადოება შეუჩვეველია არჩევნების მეორე ტურს. თუმცა, მეორე ტურები ევროპაში, ნებისმიერი დონის არჩევნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. დემოკრატიულ ქვეყნებში პირველ ტურში თითქმის არასდროს იმარჯვებენ. ეს არის კარგი, ჯანსაღ პროცესი“, – ამბობს გია აბაშიძე. მისი თქმით, შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი იქნებოდა, დამოუკიდებელ კანდიდატებს ძალისხმევა გაეერთიანებინათ და ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენილიყვნენ.
არჩევნების შედეგების მიუხედავად, ანალიტიკოსი, „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებამდე, სტრატეგიის შეცვლას და გუნდში გადახალისებას ურჩევს.
„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითდამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ აქვს, საკმაოდ დროულად და სწრაფად უნდა მოხდეს გუნდში გადახალისება, სტრატეგიების შეცვლა, ახალი კადრების, ადამიანური რესურსების მოძიება, მხოლოდ საქმეზე ორიენტირება და არა ჩაბმა იმ უსაგნო კონფრონტაციაში, რომელსაც ერთ-ერთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტები სთავაზობენ საზოგადოებას“,- აღნიშნავს გია აბაშიძე.
აბაშიძე გარკვეულ პროგნოზებს ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებითაც აკეთებს. მისი განმარტებით, მალე პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ კონსტრუქციული ძალები დარჩებიან, რადგან საზოგადოებაში ქუჩის აქციები, დესტრუქცია და სიყალბე უკვე არ არის პოპულარული. ანალიტიკოსის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრება, მის ადგილს კი „ევროპული საქართველო“ დაიკავებს.
„სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გვეცოდინება, რომელია კონსტრუქციულ ძალა. ასევე დავინახავთ, თუ როგორ გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც ქვეყნის მთავარი დესტრუქციული პოლიტიკური ე.წ. ძალა. „ევროპულ საქართველოში“ კონსტრუქციულად მოქმედებენ. აქვთ „ქართული ოცნების“ პირველი კოალიციის ყოფილ წევრებთან გარკვეული კავშირები. ვხედავთ, პარტიაში ხდება გარკვეული გადალაგება. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიქრობენ თავის მომავალზე კონსტიტუციის ფარგლებში, აუცილებლად დაადგებიან კონსტრუქციულ გზას, ვინც არა, ისინი გაქრებიან“, – აცხადებს გია აბაშიძე.