ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ მახათას მთაზე წირვა ჩატარდება
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ მახათას მთაზე ტაძარში წირვა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„გილოცავთ საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს
2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.
უფლის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩვენი ქვეყნის მფარველად დადგინება გამორჩეული წყალობაა ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა.
ღვთისმშობლის მფარველობამ გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა საქართველო და გვწამს, მომავალშიც მზრუნველობას არ მოგვაკლებს.
მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2019 წლის 8 მაისს საერო ხელისუფლებამაც ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და მისი აღნიშვნა, ასევე, 12 მაისს დააწესა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს დღესასწაული გარდა რელიგიურისა, ასევე კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონეცაა.
ინებოს ღმერთმა, სრულიად საქართველომ გააცნობიეროს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის მნიშვნელობა და მან ყველასათვის საერთო სახალხო ზეიმის ხასიათი შეიძენოს.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით 12 მაისს მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ჩატარდება წირვა. ღვთისმსახურება დაიწყება 10.00 საათზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.