ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციას პასუხობს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.
„2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1-ელ იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო.
2017 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის ექვს თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა. საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია. ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს ექვს თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ.
2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს ეთქვა. დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით განცხადება „როსპოტრებნადზორმა“ გაავრცელა. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური სამსახური საქართველოდან შესულ ალკოჰოლურ სასმელის ხარისხს ამოწმებს. „როსპოტრებნადზორის“ განცხადების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებლის უფლების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს.