ღვინის სააგენტო - კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა
24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა კი 204 მლნ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.
„კახეთის რეგიონში 214 ღვინის კომპანიის მიერ გადამუშავებულია 142 000 ტონა ყურძენი. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ყურძენი ღვინის კომპანიებს 15 000-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 204,2 მლნ ლარი შეადგინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონისთვის „რთველი 2018“ იყო წარმატებული. ყურძნის კრეფა კახეთში კვლავ გრძელდება და უახლოეს დღეებში რთველის სამზადისი უკვე რაჭის რეგიონში დაიწყება“, – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
ღვინის სააგენტოს ცნობით, კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 41,3 ათასი ტონა, შემდეგ მოდის: ყვარელი – 40 000 ტონა, თელავი – 31 000 ტონა, სიღნაღი – 12 000 ტონა, საგარეჯო – 5 000 ტონა, დედოფლისწყარო – 4,7 ათასი ტონა, ახმეტა – 4,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი – 3,8 ათასი ტონა.
მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 66,5 ათასი ტონა საფერავი, 56,8 ათასი ტონა რქაწითელი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც ოფიციალურად 20 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნა, 24 სექტემბრის მდგომარეობით, 250 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.