ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან ქართულ ღვინოს ეცნობიან
ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს.
თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს, რითაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ჩინეთის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესიონალებისგან რჩევები და რეკომენდაციები მიეღოთ.
„აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ჯგუფის წევრები, მათი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად ორიენტირებული არიან პრემიალური ხარისხის და მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე.
ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.