ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტოჩინოშინს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცა
იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი წარმატებით მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) შეხვდნენ.
შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ლევან ცინცაძე დაესწრო.
2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, დავით ტყემალაძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად, ლევან გორგაძეს ხუთლიტრიან ბოთლში, სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული საფერავი გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი, საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse“, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმისა და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენის საკითხი განიხილეს.
2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული გამოფენა „საქართველო- ღვინის აკვანი“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.