ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის ამერიკელ პროფესიონალთა ტური განხორციელდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის ამერიკელ პროფესიონალთა ტური განხორციელდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners წარმომადგენლები. ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიასა და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში, თბილისში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.
„პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის ექვს თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა ხუთი პროცენტია. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი ექვს აშშ დოლარს აღემატება.