ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სრულად გადამუშავებულია
კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ყურძნის გადამუშავება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავებულია სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.
„ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, თელავში, „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა მოსახლეობას სტიქიიდან მეორე დღესვე მიეცა და მთელი პროცესი შეუფერხებლად წარიმართა“, – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.
„რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის, შტაბში 45 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.