ღვინის ეროვნული სააგენტო - „რთველი 2020“- ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1 800 ტონამდე ყურძენი
ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“- ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1 800 ტონამდე, მეტწილად საადრეო, ასევე, ცქრიალა ღვინოებისა და ბრენდის დასამზადებლად განკუთვნილი ჯიშის ყურძენი.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 110 კომპანია და ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 15 ღვინის საწარმო.
მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კილოგრამ რქაწითელსა და ერთ კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.
„რთველი 2020“- ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.