ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში 7 სექტემბრის დილის მონაცემებით, 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული – 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავებულია 3 ათასამდე ტონა ყურძენი.

„ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავებიის პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება. რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“.