„ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
„ღვინის დღეებით“ ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მონაწილეობენ, „ღვინის დღეების“ ფარგლებში გაიხსნა.
„სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ ტარდება ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღვინის დღეებით ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, ის გახდა მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. პროექტი სწავლობს ქართულ ვაზსა და ღვინოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით, რათა გამოიკვლიოს მისი ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და წარმოაჩინოს მევენახეობა – მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალი. როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მკვლევარმა პატრიკ მაკგოვერნიმ აღნიშნა, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. გრძელდება გათხრები, კვლევები და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მეტი დადასტურება ამოვა ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესახებ.
კონფერენცია მიზნად ისახავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევრებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მეცნიერები და მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც. აღსანიშნავია, რომ 10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.