ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ სამშობიაროდან გადმოყვანილი ქალი ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა
ღუდუშაურის საავადმყოფოს მიმღები და გადაუდებელი სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პაციენტი, რომელიც სამშობიარო სახლ შპს „ნინოდან“ გადმოიყვანეს, ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
ექიმის თქმით, შემოსვლისას პაციენტს დაუდგინდა შინაგანი სისხლდენა, გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც გაირკვა, რომ მას აღენიშნებოდა მშობიარობით გამოწვეული საშვილოსნოს ჩახევა და ოთხი ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა.
როგორც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ამბობენ, შპს „ნინომ“ პაციენტის ტრანსპორტირებისთვის კატასტროფის ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ბრიგადის თანამშრომლებს პაციენტის სისხლდენის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც ღუდუშაურის კლინიკაში პირველ არხს განუცხადეს, გარდაცვლილი შპს „ნინოში“ 15:00 საათზე შევიდა. ფორმა 100-ის მიხედვით, ფიზიოლოგიური მშობიარობის დრო 19.45 საათზე დაფიქსირდა. რაც შეეხება მდგომარეობის დამძიმებას, ექიმის თქმით, 22:00 საათზე პაციენტს დაბალი წნევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდა, ღუდუშაურში კი მხოლოდ 00.35 საათზე გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, სამედიცინო დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა ექსპერტიზის ბიურომ, მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.