ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დეტალები სწავლების ხელმძღვანელმა და მონაწილე პირადმა შემადგენლობამ გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეაჯერა და დააზუსტა.
სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი Ocean Freedom აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც პარტნიორობის ნიშნად სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის – ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იხსნება და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ 4 ქვეყანასთან ერთად – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებს მონაწილეობას.
სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.