„ღირსეული პარტნიორი 2018“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა [ფოტო]
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა [ფოტო]

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.

სწავლების დახურვის ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად, მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო“ გაიმართა. სწავლების ამოცანა იყო მრავალეროვნული ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება, რათა ბრძოლაში ჩართვის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის დაამარცხება და დივიზიას კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდა. სამხედროებმა ოპერაცია წარმატებით შეასრულეს.

საჩვენებელ სწავლებაში წელს ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩები“ იყო ჩართული. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს პირველად გაისროლეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატან კომპლექს „ჯაველინიდან“. საბრძოლო სროლების დროს, ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა „მარდერმა“ გაუწია. სწავლებაში ქართული, ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტექნიკა გამოიყენეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში მონაწილეობა საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებმაც მიიღეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა, სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედროებს 38 უწყებრივი მედალი გადაეცათ. სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებით კი, 199 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.