„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. აქციის ორგანიზატორების ნაწილმა, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილმა აქცია ცოტა ხნის წინ დატოვა. აქციის დარჩენილი მონაწილეები კი ადგილიდან სამართალდამცველებმა გააცილეს.
გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი შესრულებულია, ლგბტ პრაიდი არ ჩატარდა, მეორე აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლას კი ისინი არ აპირებდნენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ, ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს, 18 დღეა, აქ დგანან. პატივი სცეს სიტუაციას, ლგბტ დროშა არ აუწევიათ, მგონი არც აწევენ. აქედან გამომდინარე, მე მათთან პროტესტს ამ კუთხით ვერ ვგრძნობ. თვალი რომ ამოთხარა იმ კაცმა, აგოს პასუხი, მე მას არ ვიცავ, მე გავრილოვს და პუტინს არ ვიცავ. მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გავაგრძელებ ჩემი მოთხოვნებით, მაგრამ არა ისე, რომ კონტრაქციის ვარიანტში ვიყო. მე ეს არ მომწონს. გუშინ აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ დღესაც აქ დგომა არ მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემოცვივდეს ეს ხალხი. მე აღარ მინდა ყოფნა, მივდივარ“, – განუცხადა აქციის დატოვებისას გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.
ორი აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. მათ შორის პოლიციის კორდონი დგას.