ღია სასამართლო სხდომების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა, საჯარო გახდეს
ღია სასამართლო სხდომების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური ინფორმაცია 2020 წლის პირველი მაისიდან, შესაძლოა, გახდეს ხელმისაწვდომი და საჯარო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის იმ მუხლებს, რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კანონმდებლობა ადგენდა სამართლიან ბალანსს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. კერძოდ, მისი მტკიცებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში, დაშვებული იყო პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობა, ხოლო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, არ უნდა გასაჯაროებულიყო მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო მხოლოდ 2020 წლის პირველი მაისიდან, პარლამენტს კი მიეცა დრო, რათა ამ ხნის განმავლობაში შეავსოს კანონმდებლობა ისე, რომ არ დაზარალდეს არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და არც საჯარო ინტერესი.
„სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, არ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.