ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგების განხილვა გაიმართება
სასტუმრო რუმსში დღეს საქართველოს პარლამენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს წარადგენს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მიმართულებით სოფი ჰუე გერიში და გაერო-ს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ბრეგაძე.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორი ქეთევან ცანავა შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს საქართველოს მიღწევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ვალდებულებების შესრულების პროცესში და ისაუბრებს 2018 წლის ივლისის გლობალური სამიტის დაგეგმვის მიმდინარე საქმიანობაზე.
შეხვედრა პარლამენტის ახალი ვებგვერდის კონცეფციის პრეზენტაციით დასრულდება. ახალი ვებგვერდი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.