„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები დაწესდება
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, 18-19 ივლისს მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 19 ივლისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი „ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.
ასევე, შსს-ს ინფორმაციით, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.