ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“თანახმად, საქართველო 82 ქულით მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე პოზიციაზეა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია.
საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ ხუთი ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში.
შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განსაკუთრებული წარმატების მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია.
აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით.
„კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშულებას აძლევს ქვეყენებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყენებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“). შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე.
კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას: ბიუჯეტის გამჭვირვალობის; საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის; ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა“ პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო.
საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმა ამ ეტაპზე საწყის სტადიაზე იმყოფებოდა და შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნებს შორის იყო 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.
2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის.
საქართველოსთვის მინიჭებული 82 ქულა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაძლიერება, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და სხვა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა კვლავ დგას ზოგიერთი გამოწვევის წინაშე, ამიტომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიმზების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.