ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, რამდენიმე ადამიანს მხედველობა აღუდგინეს — #1tvმეცნიერება
ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, რამდენიმე ადამიანს მხედველობა აღუდგინეს — #1tvმეცნიერება

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატმა ბუნდოვანი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესა სამ ადამიანს, რომლებსაც მძიმედ ჰქონდათ დაზიანებული თვალის რქოვანა.

კლინიკური ცდა იაპონიაში ჩატარდა და ამ სახის პირველი ცდაა მსოფლიოში; წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას ღეროვანი უჯრედების კვლევებში.

უსაფრთხოების რაიმე პრობლემა ოპერაციიდან ორი წლის შემდეგაც არ გამოჩენილა. ვიზუალურად, სამივე ადამიანის რქოვანა გაცილებით გამჭვირვალედ გამოიყურება, ვიდრე ოპერაციამდე.

კვლევაში ოთხი ადამიანი იყო ჩართული. ოთხივე მათგანს აწუხებდა დარღვევა, რომელიც რქოვანაზე ნაწიბურებიანი ქსოვილის წარმოქმნას იწვევს, რასაც ლიმბური ღეროვანი უჯრედების დეფიციტს (LSCD) უწოდებენ.

თუ რქოვანას თვალის წინა მხარეს დაყენებული გამჭვირვალე ფანჯრის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ რქოვანას არშია მისი ჩარჩო გამოდის, რომელსაც მინა უჭირავს.

ეს გადამწყვეტი ჩარჩო ასევე უზრუნველყოფს ღეროვანი უჯრედების მიწოდებას, რომლებიც მზად არიან შეავსონ რქოვანას ნებისმიერი გაცვეთილი ერთეული, დაახლოებით ისე, როგორც საქარე მინის საწმენდი უზრუნველყოფს მის გასუფთავებას.

ლიმბური ღეროვანი უჯრედების საზოგადოების გარეშე, გარდაუვალია მხედველობის თანდათან დაკარგვა.

დღეისათვის, ერთ თვალში LSCD-ის მქონე ადამიანებს ნაწიბუროვანი ქსოვილის ქირურგიულად ამოჭრა და მეორე თვალიდან აღებული ჯანმრთელი რქოვანას ნაჭრით ჩანაცვლება შეუძლიათ. მაგრამ თუკი ლიმბური ღეროვანი უჯრედების დაკარგვა ორივე თვალზე გავრცელდა, საჭირო ხდება დონორისგან გადანერგვა.

რქოვანას გამო მხედველობა ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 12,7 მილიონ ადამიანს აქვს დაკარგული, მაგრამ ტრანსპლანტატები ყოველი 70 ადამიანიდან მხოლოდ ერთისთვისაა ხელმისაწვდომი. გადანერგვის შემთხვევაშიც კი, ხშირად პრობლემა ხდება მისი შენარჩუნება, რადგან ყოველთვის არსებობს გადანერგილი მასალის ორგანიზმის მიერ არმიღების რისკი.

სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPSC).

ეს ყოვლისშემძლე უჯრედები ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედებად გარდაიქმნება. მას შემდეგ, რაც უკან, ემბრიონის მსგავს მდგომარეობაში გადაპროგრამდება, ისინი დაუსრულებლად მრავლდებიან და ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედად გარდაქმნის უნარი აქვთ, მათ შორის, რქოვანას უჯრედებად.

2023 წელს, ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლიმბური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, რქოვანადაზიანებულ ორ პაციენტს მხედველობა აღუდგინეს. თვალის ჩინი მათ გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ აღუდგათ.

ამჯერად, ოსაკის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მეცნიერებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს და მხედველობის აღსადგენად ჯანმრთელი ადამიანის სისხლისგან მიღებული ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPSC).

ლაბორატორიაში მიღებული iPSC ღეროვანი უჯრედები რქოვანას ეპითელური უჯრედების მასაში (iCEPS) შეიყვანეს. შემდეგ, პაციენტებს ნაწიბუროვანი ქსოვილი ამოკვეთეს და ეს მასები რქოვანაში გადაუნერგეს, ზემოდან კი დამცავი კონტაქტური ლინზით დაფარეს.

გადანერგვიდან შვიდი თვის შემდეგ, ოთხივე პაციენტს მხედველობა გაუუმჯობესდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, მხედველობა კვლავ გაუუარესდა მეოთხე პაციენტს, 39 წლის ქალს, რომელსაც თავიდანვე ყველაზე მძიმედ ჰქონდა მხედველობა დაკარგული.

მხედველობა ყველაზე მეტად გაუუმჯობესდათ პირველ და მეორე პაციენტს, 44 წლის ქალს და 66 წლის კაცს.

მკვლევართა ვარაუდით, მესამე და მეოთხე პაციენტს ასეთივე კარგი შედეგი შეიძლება იმიტომ არ აღენიშნათ, იმუნურმა სისტემამ ტრანსპლანტატის მიმართ რეაგირება მოახდინა. არცერთი პაციენტისთვის არ მიუციათ იმუნიტეტის დასათრგუნი მედიკამენტები, სტეროიდების გარდა.

თვალის ბადურას ცენტრალური ნაწილის დეგენერაციის გამო მხედველობადაკარგულ პაციენტთათვის თვალის სინათლის აღსადგენად, წარსულში მკვლევრები პაციენტისავე კანიდან მიღებულ iPSC უჯრედებს იყენებენ. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა იმავეს მიაღწიეს მხედველობის დაკარგვის სხვა ფორმის შემთხვევაში და თანაც, პაციენტისავე კანიდან მასალების აღების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ცდები უკიდურესად იმედისმომცემია, ასეთი პროცედურები ძლიერ ექსპერიმენტული და პოტენციურად საშიშია. უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებლად, გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო. ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევრები ახლა სწორედ ამას გეგმავენ.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.