ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად გაერო-ს ექვსი თანამშრომელი დაიღუპა
ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად გაერო-ს ექვსი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ (UNRWA) განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი თანამშრომელი დაიღუპა.
„დაღუპულთა შორის არიან UNRWA-ს თავშესაფრის მენეჯერი და გუნდის სხვა წევრები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფმა ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველომ მანამდე განაცხადეს, რომ „ალ-ჯაუნის“ სკოლაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს ზუსტი დარტყმა მებრძოლებზე, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იქიდან გეგმავდნენ თავდასხმებს. მათ ასევე თქვეს, რომ მიიღეს ზომები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. გაერო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორგანიზაცია გმობს „ყველა საჰაერო თავდასხმას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო მოსახლეობისა და გაერო-ს ობიექტების წინააღმდეგ“.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე UNRWA-მ ანგარიშში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში დაიღუპა მისი 214 თანამშრომელი და, სულ მცირე, 563 იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც სკოლებსა და გაერო-ს სხვა ობიექტებში იმყოფებოდნენ.
ისრაელის ხელისუფლებამ UNRWA-ს თანამშრომლებს გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობაში სდებს ბრალს, რომლის დროსაც 1200-ზე მეტი ისრაელელი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. სააგენტომ უარყო ეს ბრალდებები, თუმცა აგვისტოში განაცხადა, რომ ღაზაში ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლეს თავდასხმაში მათი მონაწილეობის მტკიცებულებების აღმოჩენის გამო.