ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დაჭრილი ჯარისკაცი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
საავადმყოფოში სულ რვა ადამიანია გადაყვანილი. როგორც მედია წერს, მძიმედ დაშავებულთა შორისაა ის ჯარისკაციც, რომლის გამოსაყვანადაც ვერტმფრენი გაიგზავნა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, თუმცა ისრაელის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ეს უბედური შემთხვევა იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.