ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა
ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შენობაში მცხოვრები ადამიანები მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ და რამდენიმე საათით ადრე მათი ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია განხორციელდა ახლოს მდებარე შენობებიდანაც.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თელ ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ქალაქში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გუშინ ღამიდან მოყოლებული ანკლავიდან 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ აშკელონში ჩამოვარდა, შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. რაკეტები ისროლეს აშოდის მიმართულებითაც.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საპასუხო იერიშების შედეგად, „ჰამასის“ 130 ობიექტი გაანადგურეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი , ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არმიის მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ იერიშების სიძლიერე და რაოდენობა გაიზრდება.

„ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ათობით ადამიანი კი დაშავებულია.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.