ღაზის სამხრეთით ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა
ღაზის სამხრეთით ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ თავდასხმა ხან იუნისის დასავლეთით, ლტოლვილთა საცხოვრებელზე მოხდა.
„40 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება“, – განუცხადა „ბიბისის“ „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხალისეები აცხადებენ, რომ სამი აფეთქების ხმა გაიგეს, ადგილზე დასახმარებლად მისულები კი კატასტროფის მასშტაბით გაოგნებული დარჩნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს „ჰამასის“ ტერორისტებზე, რომელთა სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი ხან იუნისის ჰუმანიტარულ ზონაში მდებარეობდა.
რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელმა გადადგა ნაბიჯები ამ რისკის შესამცირებლად.
„ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებენ სამოქალაქო და ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის ჰუმანიტარულ ზონაში, რათა განახორციელონ ტერორისტული ქმედებები ისრაელის სახელმწიფოსა და თავდაცვის ძალების სამხედროების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
„ჰამასმა“ უარყო ისრაელის განცხადება და ტყუილი უწოდა ინფორმაციას, რომ ჰუმანიტარულ ზონაში „ჰამასის“ სამხედროები იმყოფებოდნენ.