ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 196 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 196 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 196 ადამიანი ემსხვერპლა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა 499 დაშავებული მიიღეს.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნეს, რომ დაღუპულების ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება.

არსებული მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების მსხვერპლთა რიცხვი 18 605-მდე გაიზარდა, 50 594 კი დაშავდა. მსხვერპლთა შორისაა გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს – 134 და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, ღაზის სექტორში ომი საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ღაზის სექტორიდან ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ქალაქ აშდოდში ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ექვსი რაკეტა ჩამოაგდო, ერთ-ერთი რაკეტის ფრაგმენტი კი სუპერმარკეტს დაეცა. პარალელურად, ისრაელმა დღეს კიდევ ერთხელ დაბომბა „ჰეზბოლას“ პოზიციები ლიბანში.