ღაზაში აცხადებენ, რომ ღამით, ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმისას, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა
ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმისას, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ღაზის სექტორის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი მოიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იპოვეს და საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ბევრად მეტი ადამიანია. მსხვერპლთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ზონაში ოთხი რაკეტა ჩამოვარდა და, სულ მცირე, 20 კარავი დაიწვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი.
ცნობისთვის, როგორც „როიტერი“ წერს, ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანიდან თითქმის ყველა იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი ერთხელ მაინც, ზოგიერთს კი ათჯერ მოუწია სახლის დატოვება.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ 40 900-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.