ღაზას სექტორში დაძაბულობის გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტს წყვეტს და ისრაელში ბრუნდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში დაგეგმილზე ადრე ბრუნდება. ამის მიზეზი ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტაა, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა. შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.
როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი ხისტი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელი ღაზას სექტორთან უსაფრთხოების დამატებით ძალებს გზავნის.
ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასის“ წევრებს ეკისრებათ.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ისრაელის ტერიტორიაზე ასე შორს მიაღწია.
თელ-ავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ერთი კვირის წინაც ისროლეს, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა. მოძრაობა „ჰამასში“ განაცხადეს, რომ რაკეტების გაშვება შემთხვევით მოხდა.