ღაზას სექტორის საზღვართან მორიგი შეტაკება მოხდა
ღაზას სექტორის საზღვართან მორიგი შეტაკება მოხდა

ღაზას სექტორის საზღვართან პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ისრაელის სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 110-მდე ადამიანი. ექიმების ცნობით, მათგან 10-ს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

დემონსტრაციაში ათასობით პალესტინელი მონაწილეობდა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მათი უმრავლესობა ღაზას სექტორსა და ისრაელის ტერიტორიას შორის გავლებული მავთულხლართებიდან 800 მეტრის დისტანციას ინარჩუნებდა. თუმცა ახალგაზრდების ჯგუფმა საზღვართან მიახლოება და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა. მათ ასევე საბურავები დაწვეს.

პალესტინელები ღაზას სექტორის საზღვრათან „დაბრუნების მარშს“ უკვე ორი თვეა, მართავდნენ. ყველაზე მეტად ვითარება დაიძაბა 14 მაისს, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონიის წინ, რა დროსაც, ისრაელის მხრიდან გახსნილ ცეცხლს 60-მდე პალესტინელი ემსხვერპლა. ღაზას ადმინისტრაციის ინფორმაციით, „დაბრუნების მარშის“ დაწყებიდან დღემდე ისრაელის ძალებმა 113 პალესტინელი მოკლეს.