ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან აქციას მართავენ
ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართნენ. ვაკის პარკთან შეიკრიბნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები და მხარდამჭერები; მოძრაობა „სირცხვილია“ და სხვადასხვა ორგანიზაციები – საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კი, თსუ-სთან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ ყველა იმ ჯარიმის გაუქმებას, რომელიც კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოწერილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური გზა არ არის და ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მათივე თქმით, პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ე.წ. კომენდანტის საათს დაარღვევენ.