ღამის კლუბ ,,ბასიანის" საქმეზე ბრალდებულ ბ.ჩ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლო ღამის კლუბ „ბასიანში“ მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ბრალდებულ ბ.ჩ.-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა“, – ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.