GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი - უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მომხმარებელს, ეს არის „აქუალიას“ მთავარი მიზანი
უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მომხმარებელს, ეს არის „აქუალიას“ მთავარი მიზანი, – ამის შესახებ GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საჭირო რესურსი იქნება მიმართული „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და მისი სერვისის განვითარებისკენ.
„წყალმომარაგების დარგში მსოფლიოში საუკეთესო კომპანიის, ესპანური Aqualia-ს საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების არსებული სისტემისა და პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები, განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა.
აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არსებული ინფორმაცია არ იყო საკმარისი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად, ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული“, – აღნიშნა ხოსე მიგელ სანტოსმა.
„აქუალია“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180-მილიონდოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეიძინა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მმართველმა კომპანიამ, „აქუალიამ“ მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.