გეზ-თან შეკრებილი ხორბლის გადამზიდავები ხვალ ფინანსთა სამინისტროსთან მისვლას გეგმავენ
ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები ხვალ ფინანსთა სამინისტროსთან მისვლას გეგმავენ.
ცოტა ხნის წინ, თათბირის შემდეგ აქციაზე შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.
თუმცა, ამის შემდეგ, აქციაზე მოხდა მცირედი დაპირისპირება, რის შემდეგაც, ფინანსთა მინისტრისადმი ულტიმატუმი შეიცვალა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკებისთვის ათდღიან ვადას მოითხოვენ.
დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა შედგა, სადაც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.