გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გევორქ სარქისიანის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები – ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ.  –  სსკ-ის 375-ე მუხლით. სასამართლომ  მიიჩნია, რომ ს.მ.-ს და ე.მ.-ს  დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ს.მ.- მ და ე.მ.-მ მეგობარ რ.კ.-სთან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა. 2018 წლის 12 ივლისს, ს.მ.-მ და ე.მ.- მ, რ.კ.-სთან ერთად ნახეს გევორქ სარქისიანი. საუბრის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებისამებრ გევორქ სარქისიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ ხელთარსებული დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ს.მ.-ს და ე. მ.-ს ნათესავმა რ.დ.-მ, ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო გევორქ სარქისიანის მკვლელობა. აქტიური მოქმედებით, კერძოდ, ე.მ.-ს დამალვაში ხელის შელშეწყობით, გ.კ.-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მეშვეობით, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახში გადამალვით – ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.

რაც შეეხება უ.მ.-ს, რომელმაც ასევე ნამდვილად იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აქტიური მოქმედებით დამალა იგი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, რათა შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაში.

2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.

ს.მ. და რ.კ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად). საბოლოოდ თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.კ., რ. დ. და უ.მ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 12 ივლისის მოქმედი რედაქცია – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) და თითოეულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.