გერტ იან კოპმანი - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გახარებული ვართ, ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე
საქართველომ ნამდვილად დაიმსახურა ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე, კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვართ და ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე.
თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით დედაქალაქებში, სადაც მსახურობთ, არამედ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში, რაც არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ ხალხის სურვილიცაა.
ამ მხრივ, ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს. კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს, თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს სწორედ მათთან ერთად განიხილავთ.
მე ვფიქრობ, რომ თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას. მინდა, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენი შობისთვის, რომელიც ჩვენს შობაზე ცოტა გვიან დადგება. მოუთმენლად ველოდები ბევრ თქვენგანთან შეხვედრას მომდევნო თვეებში. დიდ მადლობას მოგახსენებთ და ვიმედოვნებ, შესანიშნავი კონფერენცია გექნებათ“, – განაცხადა გერტ იან კოპმანმა.