გერმანული Welt - ანგელა მერკელის ვიზიტი არის სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვისაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მერკელის ვიზიტი ნატო-ს წევრობას უფრო დაახლოვებს – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასთან მერკელის მოლაპარაკებების მთავარი თემა ნატო-ში თბილისის ღიად გაცხადებული სწრაფვა იქნება.
„ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საქართველოს აქვს გაწევრიანების შანსი, მაგრამ „ახლა არა“. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში, კონფლიქტის შესაძლებლობაზე ისაუბრა. 2008 წელს კი, ომის დამთავრების შემდეგ იდეას თავად მერკელმაც დაუჭირა მხარი, თუმცა მას შემდეგ დიდი გარდატეხა არ მომხდარა“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების უკან რუსეთი დგას, რაც ნატო-ს წევრობის გზაზე დაბრკოლებაა. გამოცემა წერს, რომ მერკელი აზიასა და ევროპას შორის მთავარ გეოპოლიტიკურ რეგიონს სტუმრობს, რომელიც კონფლიქტებისგან დამშვიდებული ჯერ კიდევ არ არის. მაგალითად მოყვანილია რუსეთ-საქართველოს ომი და ნათქვამია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ფაქტობრივად, რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
„ამ რთულ ვითარებაში, მერკელს სურს აჩვენოს, რომ ბერლინსა და მოსკოვს შორის მშვიდი ტონის მიუხედავად, ევროპელებს არ სურთ, რომ რუსეთის ქმედებები მის ძველ უკანა ეზოში, უპასუხოდ დატოვონ. მერკელის პირველი გაჩერება თბილისია. საქართველო დასავლეთისკენ სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტად ისწრაფვის, ინსტიტუტების ტრანსფორმაციას ევროპულ მოდელზე ახდენს. ევროკავშირი ამჟამად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი. თუმცა, ბევრმა ქართველმა გერმანიაში თავშესაფრის განაცხადი დაუსაბუთებლად შეავსო და დანაშაულის კუთხითაც, მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია. მერკელი სავარაუდოდ ამაზეც ისაუბრებს“, – წერია სტატიაში.
Welt-ი ხაზს უსვამს მერკელის ვიზიტის ეკონომიკურ მახასიათებელსაც. „ვიზიტი არის სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვისაც. „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის გაზსადენის მშენებლობით, გერმანელები რუსეთზე კიდევ უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული, მაგრამ ფედერალურ მთავრობას არ სურს, რომ ფსონი მხოლოდ მოსკოვზე დადოს“, – აღნიშნულია სტატიაში.