ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ლიცენზიას არ დაუბრუნებს , საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას ჩამოაშორებს.
გუშინ, დოპინგის შესახებ სკანდალური გამოძიებების ავტორი გერმანიის ტელევიზიით გამოვიდა და გააკეთა პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსი სპორტსმენების პიონჩანგის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საქმეში.
“სანდო წყაროზე დაყრდნობით ვამბობ, რომ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, WADA დაადასტურებს, რომ RUSADA არ შეესაბამება ორგანიზაციის კოდექსს და ძალაში დატოვებს მის დისკვალიფიკაციას, – განაცხადა ზეპელტმა. – ამას უზარმაზარი ეფექტი ექნება და შეიძლება რუსეთის პიონჩანგის ოლიმპიადიდან ჩამოშორება გაითვალისწინოს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის სამი მიზეზი არსებობს: პირველი – რუსეთი დღეს, როგორც არასდროს, ეწინააღმდეგება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ერეოდა სადოპინგო პროგრამაში. მეორე – არ მიუშვა ექსპერტები დახურულ სინჯებამდე, რომელიც მოსკოვში ინახება. მესამე – არსებობს მონაცემთა ახალი ბაზა, რომელიც უკვე გადაეცა WADA-ს და რომელშიც უფრო მეტი მტკიცებულებაა რუსეთის წინააღმდეგ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევა და ურთულესი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თუ ის რუსეთს გარიცხავს, ეს გააფუჭებს ურთიერთობას ქვეყანასთან. თუ არ გარიცხავს, მაშინ ბახი საკუთარი თავის წინააღმდეგ აამხედრებს მთელს მსოფლიოს. ოლიმპიური კომიტეტი ვერ დარჩება გულგრილი ამ საკითხის მიმართ და ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება – რუსეთის არდაშვება პიონჩანგის ოლიმპიადაზე”.
ჰაიო ზეპელტი – არის ადამიანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სადოპინგო გამოძიებების სათავეებთან იდგა. სწორედ მისმა ფილმმა რუსულ მძლეოსნობაში არსებულ დოპინგზე გამოიწვია მოვლენათა მთელი წყება – RUSADA-სთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა, რიოს პარალიმპიადაზე რუსების არდაშვება და სხვა უსიამოვნო მოვლენები.