გერმანული პრესის ინფორმაციით, მერკელი და პუტინი სირიაზე, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტსა და „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ მშენებლობაზე იმსჯელებენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიაში სირიის საკითხზე, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტსა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ მშენებლობაზე იმსჯელებენ. სწორედ ეს სამი საკითხი დაასახელა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განხილვის მთავარ თემებად.
შეხვედრა 18 აგვისტოს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში გაიმართება. ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში გერმანიისა და რუსეთის ლიდერების მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მაისში, სოჭში გაიმართა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 18 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფორმატი მოლაპარაკებების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციას არ ითვალისწინებს. შეხვედრის დაწყებამდე მერკელი და პუტინი მედიასთან მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მომავალ კვირას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.