გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში დაეხმარება
გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში დაეხმარება, -ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მოლდოვაში ზაფხულის დასაწყისში გაემგზავრება სამოქალაქო მისია, რომელშიც იქნებიან იუსტიციის, პოლიციისა და საბაჟოს წარმომადგენლები. ასევე, ევროკავშირი მოლდოვაში გააგზავნის ექსპერტებს, რომლებიც კიშინიოვს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე გაუწევენ კონსულტაციას.

როგორც გერმანული მედიასაშუალება იუწყება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებები უკვე მუშაობენ კრიზისული კონცეფციის მენეჯმენტზე, რომელიც მარტში იქნება მზად. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი ევროკავშირის საკონსულტაციო მისიაში შემავალი ექსპერტების რაოდენობა, მანდატი და პროფილი. ეს კონცეფცია ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. მისიის მოლდოვაში გაგზავნის მთავარი მხარდამჭერები არიან გერმანია, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი, დანია, ჩეხეთი და პორტუგალია.